ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სოფელი ჯუგაანი

სოფელი ჯუგაანი ცივგომბორის მთების კალთებზეა გაშენებული. აღმოსავლეთით სოფელი ტიბაანი, დასავლეთით სოფელი ბოდბისხევი, ჩრდილოეთით ალაზნის ველი, ხოლო სამხრეთით ცივგომბორის მთები ესაზღვრება.

ჯუგაანის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. არსებობს გადმოცემა, რომ ჯუგაანელებს ძველად უცხოვრიათ კახის მახლობლად ყანიყოლში, მაგრამ იქიდან თათრებს აუყრიათ და მაწიმამდე დასდევნებიან. დასახლებულან აქ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში. მაწიმშიც განიცდიდნენ თურმე ლეკთა თავდასხმას, ამიტომ გადასახლებულან ალაზნის ველზე, მდინარე სვირების ტერიტორიაზე. კვლავ განუცდიათ რა ლეკების შემოსევა, გადმოსულან ალაზნის პირას, ციხიაანთ ყურეში, იქ, სადაც სოფელი ერისიმედია გაშენებული. შემდეგ აქედანაც აყრილან და დასახლებულან ჯუგაანში, იმ ადგილას, სადაც ამჟამად თევდორეს მუხაა. ეს ადგილი ჭაობით ყოფილა დაფარული, რის გამოც ხშირად ავადმყოფობდნენ, ამასთანავე, არ წყდებოდა თურმე ლეკთა თარეში, ამიტომ ეს ტერიტორიაც მიუტოვებიათ და დასახლებულან ცივგომბორის მთების კალთებზე. აქედან მტერს თურმე ადვილად ამჩნევდნენ.

გადმოცემის თანახმად, ჯუგაანი სოფელს ძირითადი გვარის ჯუგაშვილების მიხედვით ეწოდა. სოფლის ისტორიაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჯუგაანელების ამ განთქმულ გვარს გმირი თევდორე ჰყოლია, რომელსაც ჩვენმა თანასოფლელმა, პოეტმა და დრამატურგმა სანდრო შანშიაშვილმა ვრცელი ლექსი მიუძღვნა.

ფასდაუდებელია ჯუგაანელთა მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. შინმოუსვლელთა სახელი სამუდამოდ დაერქვა 286 ჩვენ თანასოფლელს. მათ შორის ორ ქალს. ხოლო სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დაბრუნდა 165 ვაჟკაცი. არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში შეურცხვენიათ თავი ჯუგაანელებს, თავგანწირულად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მათგან არ დაბრუნებულა 22 წლის მოსე ბალიაშვილი, რომელმაც სახლში ორსული მეუღლე დატოვა. ამჟამად მისი ვაჟიშვილი უკვე 27 წლისაა, ხოლო დედამისი, უკვე ღრმად მოხუცი, დღესაც ელოდება ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილს. მისი ლოდინი კი უსასრულოდ გრძელდება.

ამჟამად სოფელში 970 ოჯახია (2480 მოსახლე) ისინი ძირითადად მისდევენ მევენახეობას და მემინდვრეობას, აგრეთვე, მეცხოველეობას, მებოსტნეობას, ზოგიერთი მებაღეობას, მეფუტკრეობას.

სოფელს ამშვენებს შინმოუსვლელთა ობელისკი, ძელიცხოვლის ეკლესია. ყველა ოჯახისათვის ყოველი წლის 20 მაისი ძელიცხოვლობის საზეიმო რელიგიური დღესასწაულია. სოფელს აქვს მწერალ სანდრო შანშიაშვლის სახლ-მუზეუმი.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

 

გააზიარე