ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

8 აგვისტო 2024

8 აგვისტო, 2024

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი გიორგი აბრამიშვილი დაიღუპა.

8 აგვისტოს ომის გმირის გოგა აბრამიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალის მონახულების შემდეგ, ადგილობრივმა სასულიერო პირმა საჯარო მოხელეებთან ერთად, გმირის საფლავზე მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და ერთი ვაჟი) დარჩა. სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.

დღეს, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

გააზიარე