Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალე, სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს

22 April, 2021

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ანაგასა და ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სიღნაღში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი წლების განმავლობაში ძალიან მწვავედ იდგა ყველა სოფელში, მაგრამ აღნიშნული პროექტის დაწყებამდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის სრულად გადაჭრა.

ამ ეტაპზე, თითოეულ სოფელში წყალსადენი ქსელის, საქლორატოროს, რეზერვუარების და მარეგულირებელი ურდულების მოწყობა მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იყოს.

რეაბილიტაციის პროცესი ოთხივე ლოკაციაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სოფელ ანაგასა და ვაქირში სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და აბონენტთა უმრავლესობამდე ქსელი უკვე მიყვანილია. ხოლო, ბოდბისხევსა და ჯუგაანში რეაბილიტაცია ერთი კვირიაა რაც დაიწყო. ამ სოფლებშიც, ანაგის და ვაქირის მსგავსად, ტერიტორიის სასმელი წლის სისტემით დაქსელვა, რეზვუარების და საქლორატოროს მოწყობა იგეგმება.

“ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი ხორციელდება ადგილობრივებისთვის, რაც გადაჭრის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - წყლის მომარაგებას. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არა მხოლოდ სიღნაღში არამედ დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და საგარეჯოში მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პირველი ინფრასტრუქტურული პრობლემა სწორედ წყალი იყო. შესაბამისად, მათთან უშუალო კოორდინაციითა და მუშაობით შევძელით და აღნიშნული საკითხი, მალე, ოთხივე მუნიციპალიტეტში გადაჭრილი იქნება,” - განაცხადა მიმდინარე სამუშაოების მონახულების შემდეგ დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13 სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვემო მაჩხაანს, ბოდბეს, ქვემო მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

თეგები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია / წყალმომარაგება / 

 

Share page