Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელი ბოდბისხევი

ბოდბისხევი გომბორის სამხრეთ კალთაზე შეფენილი, ქიზიყის ერთერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია. ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნარკვევებში აღნიშნავს, რომ ბოდბისხევი ბოდბესთან ერთად ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში არსებობდა.

ბოდბისხევი დაყოფილია უბნებად: „ზარის წყალი,“ „ბოხორის“, „ღვინიანის“, „ტუხაანების“, „ჭაბაანების“, „გელანების“ უბნები. სოფელში არის რამდენიმე ბუნებრივი სასმელი წყარო.

ბოდბისხეველები მისდევდნენ მემინდვრეობას, მევენახეობას, მეცხოველეობას. შემდეგ დაეუფლენ კერამიკის წარმოებას, იყვნენ მეჭურჭლეები და მათი შთამომავლები დღემდე მისდევენ ამ წარმოებას. სწორედ აქედან წარმოდგა გვარი მეჭურჭლიშვილი.

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ბოდბისხევს ამშვენებს 6 ეკლესია. ესენია: ნიკოლოზის სახელობის (ძველი და ახალი), მარიამის, კვირიკეს, ფერისცვალების, ამაღლების ტაძრები.

ბოდბისხევს ბევრი მებრძოლი ვაჟკაცი ჰყოლია. გადმოცემის თანახმად, სამამულო ომში 901 მებრძოლიდან 491 დაბრუნებულა ცოცხალი. ეს სოფელი გამოირჩევა ასევე რესპუბლიკური მნიშვნელობის ბაზრით, რომელიც 1905 წელს დაარსდა.

ბოდბისხევს ჰყავს ბევრი გამოჩენილი და სასახელო ადამიანი: აკადემიკოსი ავლიპ ზურაბაშვილი, მისი ორი ვაჟიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, პირველი მეცნიერი ქალი მათემატიკოსი ელენე ობოლაშვილი, პროფესორები გიორგი და შალვა გოზალიშვილები, უმაღლესი სასწავლების ლექტორები: ფილიპე შიხაშვილი, ბორის ბოქოლიშვილი, რობიზონ ქვრივიშვილი, იორამ პავლიაშვილი, ვახუშტი ნაცვლიშვილი.

სოფელში არის გამოჩენილი მწერლის იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილის (1873-1916წ) სახლ-მუზეუმი, რომელიც 1957 წელს გაიხსნა.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

#გაიხსენეშენისოფლისისტორია

#სოფელიბოდბისხევი

 

Share page