Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სანდრო ახმეტელის მემორიალური მუზეუმი

16 July, 2021

სანდრო ახმეტელის მემორიალური მუზეუმი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, რომელიც 1987 წლის 15 იანვარს, რეჟისორის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.

სანდრო ახმეტელი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას განსაკუთრებული ხმა და სმენა ჰქონდა. უკრავდა ყველა ქართულ ხალხურ საკრავზე. ერთხანს ნიკო სულხანიშვილის გუნდშიც მღეროდა.

სანდრო ახმეტელი იყო მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორი, ქართული თეატრის ფუძემდებელი. მან რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი სახე საგრძნობლად შეცვალა და ქართულ თეატრს ეროვნული თვითმყოფადი სახე შეუნარჩუნა. ახმეტელის ხელმძღვანელობით ცხრა წლის მანძილზე თეატრმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, შეიქმნა სპექტაკლები, რომლებმაც საბოლოოდ განსაზღვრეს თეატრის სახე.

მემორიალური მუზეუმის ექსპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სცენებს სპექტაკლებიდან, აფიშებს, პროგრამებს, დეკორაციის ესკიზებს, სპექტაკლის მაკეტებს, წიგნებს და საიუბილეო ალბომებს, აგრეთვე, სანდრო ახმეტელის მეუღლის საწერ მაგიდას. მემორიალურ დარბაზში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა - ძველებური ჭურჭლის კარადა, მაგიდა, სკამები, ხის ტახტი, ჯეჯიმი, ფარდაგი, ხავერდის სუფრა, მაგიდის ლამპა, კედლის საათი.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა.

სამუშაო საათები - 10:00-17:00. 

 

Share page