წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება
უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის შვიდ სოფელში 170 კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი უკვე მოეწყო და ორი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ჭაბურღილების მოწყობა უახლოეს დროში დაიწყება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში, ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.