Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალური დახმარების პროგრამა

13 April, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური დახმარების პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილების ამოსავალი წერტილი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პაკეტის შექმნა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური ბიუჯეტი 100 000 ლარით გაიზარდა.
დაემატა/ცვლილება შევიდა შემდეგ მუხლებში:
1. 2022 წელს სოციალური დახმარების პროგრამას დაემატა უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა) - სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობისას დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი;
ბ) მარტოხელა, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი;
გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ (მინდობით აღზრდა) ახალგაზრდებს 22 წლის ასაკის მიღწევამდე;
დ) უსახლკარო ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს.
2. წელს, ერთ-ერთი სიახლეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების საკითხი. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის მოსარგებლე პირები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები.
3. 2022 წლის სოციალური დახმარების პროგრამას დაემატა მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომი დახმარების მუხლი.
ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.
ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.
4. ასევე, მიმდინარე წელს, ცალკე მუხლად დაემატა უკიდურესად გაჭირვებული შემდეგი კატეგორიის ოჯახებისთვის: მარტოხელა პენსიონერი, მრავალშვილიანი, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი, დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.
5. ცვლილება შევიდა ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარების მუხლში. კერძოდ, ხანძრისა და სტიქიის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირის უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. აქ უნდა აღნიშნოს, რომ გასულ წლებში პროგრამა მოიცავდა მხოლოდ მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფას.
6. ცვლილების საგანი გახდა სტუდენტების ფულადი დახმარების საკითხი - აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ და მრავალშვილიან (რომლებსაც ჰყავთ სამი არასრულწლოვანი და მეტი) ოჯახებთან ერთად იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი. სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვრა 24 წლამდე.
7. მარტოხელა, უპატრონოდ დარჩენილი მოქალაქეების და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების მუხლში ცვლილება შეეხო თანხის ნაწილს და 250 ლარის ნაცვლად მოსარგებლეები 350 ლარს მიიღებენ.
 
 
Share page