2008 წლის აგვისტოს ომი
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი გარდაიცვალა.
8 აგვისტოს ომის გმირის გოგა აბრამიშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. აქვე იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები, რომლებმაც სიმბოლურად 8 კილომეტრი ფეხით გაიარეს და მემორიალთან თავმოყრილ საზოგადოებას შეუერთდნენ.
მემორიალის მონახულების შემდეგ, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გოგა აბრამიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ადგილობრივმა სასულიერო პირმა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და ერთი ვაჟი) დარჩა. სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.
დღეს, ქვეყნის ყველა სამთავრობო შენობაზე დროშები დაეშვა.