საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ქალაქ სიღნაღში მორიგი სწავლება გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ქალაქ სიღნაღში მორიგი სწავლება გაიმართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
წვრთნებში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერთან, მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად მერიის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, რაიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა მიიღეს.
წვრთნების მთავარ მიზანს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, ნაკლოვანებათა გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.