Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

23 October, 2023
ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 146-ე საქველმოქმედო აქცია სიღნაღში ჩაატარა.
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 59-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 22 ვეტერანი, ხოლო 37 - ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 97 ვიზიტი;
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი თამაზ კალატოზიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ლია ბაკაშვილი და საკრებულოს წევრი ნანა ნანობაშვილი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 146 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 940 ბენეფიციარს.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.

 

Share page