26 მაისი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ სიღნაღში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების დაწყებამდე, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, მომღერლები და მათი მშობლები.
კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა მიმართეს და მაყურებელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივმა პროფესიულმა ანსამბლმა „ლაშქრულმა“ ქართული ცეკვით გახსნა. კონცერტზე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა, როგორც ფოლკლორული ასევე საესტრადო სიმღერები შეასრულეს.
ამ დღით ქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა. სიღნაღის მთავარ სკვერში ძიუდოს შეჯიბრი მიმდინარეობდა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. ამავე დღით გაიმართა ჩემპიონატი მკლავჭიდსა და ჭადრაკში.