ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორია

 

სიღნაღი - ქიზიყის გული,  მთაგორიანი ქალაქი... გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე.

მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.

ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში.

ბერძენი  გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს”  უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო - წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც  ,,კამბისად“  აქვს დასახელებული.

ქიზიყი გაძლიერდა და წელში გაიმართა მეთვრამეტე საუკუნეშ. ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ჰყვარებია ქიზიყი და ქიზიყელები. მან პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.

ხორნაბუჯის,  -  იმდროინდელი ცენტრის დასუსტების შემდებ სიღნაღი სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს ქიზიყის ცხოვრებაში.

ქართლ-კახეთის სამეფოს  გაუქმების შემდეგ, 1802 წლიდან, სიღნაღი სამაზრო ცენტრი გახდა. მას, ჭარ-ბელექანთან და დაღესტანთან მოსაზღვრეობის გამო, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ნიენიჭა.. ამიტომაც, კავკასიის მთავარმართებლის გადაწყვეტილებით, მაზრაში რუსეთის იმპერიის ,,44-ე ნიჟეგოროდის დრაგუნთა“ პოლკი განთავსდა, რომელსაც რეგიონის დაცვა დაევალა.

ერეკლე მეფეს მიეწერება სიღნაღის გადაქცევა  ქალაქად.

სიღნაღი ქიზიყის ის ნაწილია, სადაც ყოველ კუთხეს, ადგილს, სახლს, ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს. იგი თავისი გალავნითა და კოშკებით აბჯარი ჩამჯდარი რაინდივით გადასცქერის ალაზნის ველს.

სიღნაღი მდებარეობს ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.ქალაქის ტერიტორია 296,5 ჰექტარზეა  მოსახლეობა.

ქალაქში ყოფილა ცხრამდე ღვინის მარანი, აგურის ქარხანა, სატრანსპორტო ,,ლინეიკების“ არტელი, ტყავის ქარხნები და სხვა.

ბოდბის მონასტერთან არსებობდა სკოლა. 1818 წლს სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი. 1880 წლისთვის სიღნაღში იყო სასწავლებელი, რომელსაც სამი მოსამზადებელი კლასი ჰქონდა, სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო ივანე ჯავახიშვილის მამა ალექსანდრე.

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, სიღნაღის  გალავანში ცოცხლად დაუტანებიათ ადამიანი.ლეგენდა გვამცნობს, ოსტატებმა სწრაფად მიატოვეს ცოდვიანი ადგილი, ხოლო, იმ კედლის ძირში, სადაც კაცი დაატანეს წყარო გადმოდისო.

სიღნაღის ციხე-გალავნის კედლები მოსკოვის კრემლისოდენა ფართობს მოიცავს, მას 40 ჰა ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა  სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი. ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.

მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთლი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევალებოდათ. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ. ამ კედლების სისქეთა გამსხვავება შიგნიდან ქმნის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

XIX  საუკუნის  II ნახევრიდან სიღნაღში ფეხს იკიდებს ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, სალონური ტიპის საღამოები, სადაც, უმთავრესად, ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა.

XIX  საუკუნის ბოლოსთვის, სიღნაღში შეიქმნა მოძრავი თეატრალური დასი, ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური სამუსიკო დასები, იქმნებოდა სამუსიკო სალონები. სიღნაღი რეგიონის  კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას  განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა. სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

გააზიარე