ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართება

21 ოქტომბერი, 2016


22 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი ქალაქში მეცხრე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. სიღნაღი ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს უმასპინლებს. ამ დღით ადგილობრივი თვითმმართველობა სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს აირჩევს.
საფესტივალო სვლა ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება. ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება კასრები, სადაც ე.წ. „გლეხური“ წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. გამოცხვება „დედას პური“ და კახური ნაზუქი, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სტუმრისთვის შესაძლებელი იქნება. ქალაქს იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან ჩამოსული ქართველები ესტუმრებიან, რომლებიც თავიანთ კუთხურ სამზარეულოს წარმოადგენენ. ღვინის მარნები სტუმრებს ევროპულ ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ.
ქალაქი არც ხელოვნების მოყვარულებს დატოვებს უყურადღებოდ. სიღნაღს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები საკუთარი ნახატებით ეწვევიან. ბარათაშვილის ქუჩაზე ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების (ხალიჩა, ფარდაგი, თექა, ქვილთი, გობელენი და სხვა აქსესუარები) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღვინის ფესტივალი ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული ანსამბლები , არამედ, ბალტიისპირეთიდან, ინდოეთიდან და ინგუშეთიდან ჩამოსული ანსამბლებიც ეწვევიან და წელს პირველად, სიღნაღში საკუთარ ფოლკლორს წარმოადგენენ.
ღვინის ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გასტანს.

გააზიარე