ბუნება და კლიმატი
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მთაგორიანი ქალაქია, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს.
მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი უჭირავს ივრის ზეგანს, რომელიც აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. ტექტონიკურად ხასიათდება ნაოჭების, გასწვრივი შეცოცებებისა და რღვევების ურთიერთშეხამებით. ზეგნის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები - მაღლობები და ვრცელი ქვაბულები, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნაფენებით. ივრის ზეგანზე არის ეროზიული ფორმებიც - მდინარე ივრის თანამედროვე ხეობა და მთელი რიგი ხევები, და სხვ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი, რომელიც აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით. სამხრეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია, დასერილია მშრალი ხევებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთა კი ციცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლეს მთას ჭოპორტი (1087 მ) წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს. იგი დახრილია ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ვაკის რელიეფს ართულებს მცირე სიღრმის ეროზიული ფორმები. ალაზნის ვაკის სიგანე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ალაზნიდან გომბორის ქედამდე 35 კმ-ია, ხოლო სიგრძე 22 კმ.
კლიმატი განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანსა და ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. აქ ზაფხული ცხელია , ზამთარი - ცივი. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და თბილი ჰავაა. ზამთარი აქ ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11-დან 13 გრადუსამდე მერყეობს.( მინიმუმი - 24°, მაქსიმუმი 37-40°.) ნალექების სიმცირით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტია ნალექი გომბორის ქედზე - 810მმ წელიწადში. რაც შეეხება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი მწირია, პერიოდული ხასიათის მდინარეებიდან აღსანიშნავია ალაზანი და იორი.
რას შეეხება ნიდაგებს, ივრის ზეგანზე განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის შავმიწები და წაბლა ნიადაგები. გომბორის ქედის კალთებსა და მთისწინეთში გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე გვხვდება ტყე სტეპის გარდამავალი ზოლის შავმიწისებრი ნიადაგები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფაუნა და ფლორა საკმაოდ მრავალფეროვანია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ტურა, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ლელიანის კატა; მდინარე ივრის პირას ბინადრობს გარეული ღორი. მცირე რაოდენობით არის ზოლებიანი აფთარი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია ზაზუნა, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, მექვიშია და სხვ. ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, კაჭკაჭი, ყვავი, გნოლი და სხვ. მდინარეებში არის თაღლითა, ფრიტა, გველანა, ქაშაპი და სხვა.
ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები, გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი ბუჩქნარებიც. ტყეს ქმნის ქართული ნეკერჩხალი, მუხა, ღვია და სხვ. აქვე არის კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები : წნორი, ჭალის ვერხვი და სხვ. ალაზნის ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით. გომბორის ქედის ტყეებზე აღსანიშნავია მუხა და რცხილა. ტყესტეპებს ქმნის ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა სახეობის მცენარე.