ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხელოვნება და კულტურა

სიღნაღის თეატრი

სიღნაღის თეატრი 1872 წლიდან ითვლის ისტორიას. პირველი სპექტაკლი იყო დავით ერისთავის პიესა, რომელიც პეტერბურგიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა დადგეს. ამის შემდეგ სიღნაღში სპექტაკლები სისტემატიურად იდგმებოდა.
1929 წელს სიღნაღში სახელმწიფო თეატრი გაიხსნა, რომელიც სიღნაღის ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელ შენობაში მდებარეობდა, სადაც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.მისი სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ვარდიაშვილი იყო. სანდრო ახმეტელის ინიციატივით, თეატრის მმართველობა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა აიღო. ,, სიღნაღში ისეთი თეატრი უნდა აშენდეს, რომ რუსთაველის თეატრის ყველა დადგმის გადმოტანა შევძლოთ,”-ოცნებობდა სანდრო ახმეტელი.
1930 წლიდან სიღნაღის თეატრი წარმოდგენებს მართავდა ახალ, კონსტრუირებულ შენობაში. თეატრს მუშაობა არც 1941-45 წლებში შეუწყვეტია, თუმცა მას დოტაცია მოხსნილი ჰქონდა. პირადი გაჭირვების მიუხედავად, მსახიობები ხშირად შემოსავალს იმავე სოფელში ტოვებდნენ, სადაც წარმოდგენა იმართებოდა.
სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა: შილერის ,,ვერაგობა და სიყვარული”, დ.ჭონქაძის ,,სურამის ციხე”, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო”.თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ ხალხისთვის საყვარელი მსახიობები: დავით(დოდიკა) შაიშმელაშვილი, თამარ მენთეშაშვილი, ნინო ბეგიაშვილი, ქეთევან ბოგვერაძე, გოჰარიკ და სერგო ბაშინჯაღოვები. ამ უკანასკნელმა ორმოცი წელი გაატარა თეატრში, ითამაშა 200-მდე როლი.
1949 წელს სიღნაღის სახელმწიფო თეატრი დაიხურა. 1956 წელს მის ბაზაზე დრამატული და საბავშვო წრეები ჩამოყალიბდა, რომელთაც ნაყოფიერად დაიწყეს მუშაობა. 1959 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახალხო თეატრი შეიქმნა. სცენაზე დადგმული სპექტაკლებით სიღნაღელებს არაერთხელ განუცდიათ სულიერი კმაყოფილება. მათ შორის აღსანიშნავია: ,,ხარატაანთ კერა”, ,,ქარიშხალი ალაზანზე”. სცენაზე დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს ახალგაზრდა მსახიობებმა: მაყვალა ჭინჭარაულმა, გიული ოქრუაშვილმა, ნოდარ ლაღიძემ, ლია დარაშვილმა, ნაირა ბიჭიაშვილმა.
1981 წელს სიღნაღის თეატრს სათავეში ნიჭიერი რეჟისორი მურად ვაშაკიძე ჩაუდგა. მან დადგა: ,,დრო 24 საათი”, ,,თეთრი ბაირაღები”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება”, ,,ბატალიონები 116 ანუ წმინდანები ჯოჯოხეთში”, ,,ცა რომ სარკე იყოს”, რომელთა დადგმაში რეჟისორს მხარში ედგა თეატრის პატარა დასი: ოთარ ძიძიგური, აკაკი ძაძამია, თემურ სომხიშვილი, მედეა სულხანიშვილი, თემურ მარმანიშვილი, სოფიკო ლეკიაშვილი, ლია ჯავახიშვილი, თამაზ კანაშვილი, ბონდო ზურაბიშვილი, მელორ სინჯიაშვილი, არკად მოსაშვილი.
1987 წელს ზესტაფონში ამიერკავკასიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის თეატრი იღებდა მონაწილეობას. თითქმის ყველა პრიზი: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესი ქალის როლი, საუკეთესო მამაკაცის როლი, მუსიკალური გაფორმება სიღნაღის თეატრმა მოიპოვა. იმავე წელს ლატვიაში მადონას საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სამოცდაშვიდი თეატრი იღებდა. სიღნაღის თეატრი ლაურეტი გახდა.
1988 წელს კანადაში თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. სიღნაღის თეატრი პუბლიკის წინაშე სპექტაკლით ,, ცა რომ სარკე იყოს” წარსდგა. მან გრან-პრი მოიპოვა, რის შედეგადაც ქალაქ ოტავის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის წარდგენის საშუალება მიეცათ. აღსანიშნავია, რომ კანადაში მიწვეული პირველი ქართული თეატრი სწორედ სიღნაღის იყო. დასმა მოიარა: ლატვია, რუსეთი, კანადა, მექსიკა, ჩეხოსლოვაკია, თურქეთი, ინგლისი, სადაც ჩვეული ოსტატობით და დიდი მონდომებით ნათამაშევმა სპექტაკლებმა გადალახეს ენობრივი ბარიერი და აღტაცებაში მოიყვანეს უცხოელი მაყურებელი.
სიღნაღის თეატრმა უახლოეს წარსულში დადგა ახალი სპექტაკლები: ,,ჯვარცმული ბედნიერება” და ,,ჩვენებურები”. თეატრალური დასი მიმდინარე წელს იტალიაში ფესტივალზე ,,ჯაკომომერზე” მიიწვიეს, სადაც ის ახალი სპექტაკლით ,,სიკვდილი და ქალიშვილით” წარსდგება.

 

გააზიარე