ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში თანამედროვე სკოლების მშენებლობა გრძელდება

23 April, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობით პარლამენტის წევრი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაინტერესდა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო პროცესი ადგილზე მოინახულა. სოფელ ძველ ანაგაში სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ ძველ ანაგელ მოსწავლეებს და პედაგოგებს  სრულიად თანამედროვე ტიპის შენობა ექნებათ, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, სადაც გაკეთდება სპორტული მოედანი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

„სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შევეცდებით მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო სასწავლო პროცესისთვის. დღეს სიღნაღში მშენებარე სკოლები დავათვალიერე, სადაც სამშენებლო პროცესები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა და უწყვეტად გრძელდება. მოხარული ვარ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, ძველი ანაგის და მაშნაარის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა დახვდებათ,” – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სოფელ ძველი ანაგის მშენებარე სკოლის დათვალიერების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა მაშნაარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.  პროექტის ფარგლებში, სკოლისთვის ღია სპორტული მოედანი უკვე მოეწყო და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ სკოლების სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სკოლა გასულ წელს ბოდბეში აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე, ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება ქვემო მაჩხაანშიც.

გააზიარე