ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაუნის სინდრომის მსოფლიო საერთაშორისო დღე

21 მარტი, 2022
დღეს, 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა.
სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის - „ალექსანდრე“ ჩვენება გაიმართა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდის საზოგადოებაში ინტეგრაციას ეძღვნება. ფილმის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა 2022 წლის სლოგანზე -#ინკლუზიანიშნავს საკუთარი მოსაზრებები დაწერეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ დღეს ქველმოქმედებითაც შეუერთდა.
ყოველწლიური კამპანიის #წინდამინდას ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა წინდები, რომლის ღირებულების 10 % უკრაინის, ხოლო 90% საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდში გადაირიცხება.
აქტივობები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურცენტრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა, რომლის მიზანია მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სოლიდარობა, ცნობიერების ამაღლება და ქველმოქმედება.
„ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩვენც, შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც დაინტერესებული ადამიანები თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ჩაერთვებიან მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში,“- აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
 
გააზიარე