კახეთში ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023“ გაიმართა
კახეთში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023“ გაიმართა.
ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით იმართება თელავში.
„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.
ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“-ს მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.
ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი იყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, მოეწყო ადგილობრივი მეწარეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მცხოვრები ჩალათაშვილების ოჯახი საუკეთესო ტრადიციული ჭაჭის წარმოებისთვის ვერცხლის მედალით დაჯილდოვდა. ასევე, სოფელ მანავის მკვიდრ, ღვთისავრიშვილების ოჯახს საუკეთესო გლეხური ჭაჭის წარმოებისთვის სერთიფიკატი მიენიჭა.
გამოვლინდა 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორის მხრიდან ფულადი ჯილდო გადაეცა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „გაყრა“ და „შეყრა“ დასრულდა.
ფესტივალის ორგანიზატორები:
- საქართველოს კულტურის პალატა;
- ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები:
-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
- საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.