ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბინების დარეგისტრირება სოფელ ხირსაში

30 April, 2022

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი პარლამენტის წევრთან, დავით სონღულაშვილთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ხირსაში მოსახლეობას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება პირადად გააცნეს.

მიმდინარე წლის 26 აპრილს, მთავრობამ გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსაში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ჩვენი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ხირსაში 28 ოჯახს სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები. დღეს, პირადად გავაცანით მოსახლეობას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები“- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

„ვინც მრავალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ფაქტიური საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, მთავრობის განკარგულებით უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება. ვულოცავ ხირსის მოსახლეობას ამ სასიხარულო ამბავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი შიოშვილს, მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

გააზიარე