ქალაქ წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.
კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
სპორტული კომპლექსის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
,,წნორში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი ქალაქისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ ობიექტს, არამედ მიზიდულობის ახალი ცენტრს, სადაც, მოზარდებსა და პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა ღირსეულ პირობებში ივარჯიშონ. სპორტული კომპლექსი, სადაც გათვალისწინებულია სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კომპლექსში ბევრი მომავალი ჩემპიონი გაიზრდება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ წნორის ახალი სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, მისი ღირებულება 2.3 მილიონი ლარია.