სტიქია კახეთში
კახეთის რეგიონში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ვენახები დაისეტყვა სიღნაღის, ახმეტის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ასევე, დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და თითოეული მერიის შესაბამისი სამსახურები. ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიების მიერ დაწყებულია ზარალის შესწავლა.
დილიდან მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მევენახე-ფერმერებთან ერთად, ასევე გაეცნენ დასეტყვილ ვენახებში სეტყვის შედეგად შექმნილ ვითარებას.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.