ვაქცინაცია
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად წნორის "არქიმედეს" კლინიკის შენობაში მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტს ეწვია და აცრის პროცესის შესახებ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ვიცე მერის ვიზიტის დროს აცრის რიგს 30-მდე ადამიანი ელოდებოდა, რომელთა უმეტესობა ბუსტერ დოზით აიცრა.
გაცნობებთ, რომ წნორში აცრის კაბინეტი კვირის გარდა ყოველდღე მუშაობს და მსურველებს "სონოფარმის" და "ფაიზერის" ვაქცინით, ასევე ბუსტერ დოზით აცრა დღის განმავლობაში შეუფერხებლად შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 25 იანვრის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.